თურქეთში ტურისტების რიცხვი 28.1%-ით შემცირდა

თურქეთში ტურისტების რიცხვი 28.1%-ით შემცირდა

თურქეთში, აპრილის თვეში ტურისტების რიცხვი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.1%-ით შემცირდა. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები თურქეთის ტურიზმის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

ოფიციალური მონაცემებით, თურქეთს გასულ თვეს 1,8 მილიონი უცხოელი ვიზიტორი ეწვია, რაც თითქმის 700 000-ით ნაკლებია 2015 წლის აპრილის თვესთან შედარებით. 

ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად რუსეთიდან შემცირდა (79,3%), ამასთან გერმანიიდან ვიზიტორების რაოდენობა 35%-ით, დიდი ბრიტანეთიდან 24%-ით, საბერძნეთიდან 27%-ით, იტალიიდან 55%-ით, ხოლო იაპონიიდან 42%-ით შემცირდა.

რაც შეეხება საქართველოს, თურქეთში საქართველოდან ჩასული ტურისტების რიცხვმა გასულ თვეს 28%-ით იკლო.

ექსპერტების მოსაზრებით, თურქეთში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის შემცირება ტერორიზმის საფრთხის ზრდას უკავშირდება.