პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, პაატა ბურჭულაძე, თავისი მოძრაობის დღევანდელ ყრილობაზე გირგვლიანის თემაზე მსჯელობისას "ქართული ოცნების" მიმართ გაცილებით მკაცრი იყო, ვიდრე "ნაცმოძრაობის" მიმართ.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" თავის დროზე დადო პირობა, რომ გირგვლიანის საკითხს გამოიძიებდა, რაც ვერ მოახერხა და რასაც, პოლიტოლოგის აზრით, ბურჭულაძე ახლა მოქმედ ხელისუფლებას საყვედურობს.
"ბურჭულაძე, გირგვლიანის თემაზე მსჯელობის დროს, გაცილებით მკაცრი იყო "ქართული ოცნების" მიმართ, ვიდრე მათ მიმართ, ვისი ხელითაც ეს ტრაგედია მოხდა. მეორეს მხრივ, პოლიტიკაში ხშირია, როცა ტრაგედიას პედალირებას უკეთებენ და იძლევიან პირობას, რომ გამოიძიებენ. "ქართულმა ოცნებამ" ბევრი მიმართულებით დადო მსგავსი პირობები და ვერ მოახერხა, ახლა ამას საყვედურობს ბურჭულაძე, მაგრამ არ ამობობს იმას, ამას თვითონ როგორ მოახერხებს",- განაცხადა დავით საყვარელიძემ "პირWელთან" საუბრისას.
მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ, სანდრო გირგვლიანის მამას, გურამ გირგვლიანს პირობა მისცა, რომ მისი მოძრაობის მხარდაჭერას, ის არასოდეს ინანებს.
აღნიშნულის შესახებ პაატა ბურჭულაძემ მოძრაობის დღევანდელ ყრილობაზე ისაუბრა, რომელსაც თავად გურამ გირგვლიანი ესწრებოდა.
"მეუხერხულება კიდეც, რომ დღეს აქ სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი ზის. იმ სანდრო გირგვლიანისა, რომლის სახელის და გვარის გამოყენებით მოვიდა დღევანდელი ხელისუფლება. ბატონო გურამ, მე გაძლევთ პირობას, მურუსიძის სინდრომს ჩვენ კანონიერად გავაქრობთ. მე გაძლევთ პირობას, რომ თქვენ არასოდეს ინანებთ, რომ დღეს აქ ზიხართ",- აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.