ელჩებმა საოკუპაციო ხაზი და სამეგრელოში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერეს

ელჩებმა საოკუპაციო ხაზი და სამეგრელოში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერეს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გამართული „დიპლომატიური ტურის“ ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონს სტუმრობენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ტურის ფარგლებში დიპლომატები გაეცნენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებს, კერძოდ, დაათვლიერეს რუხის მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი და მშენებარე საუნივერსიტეტო კლინიკა, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან და მხარის გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდნენ ენგურის ხიდზე.

დიპლომატიურ ტურში საქართველოში აკრედიტებული 40-მდე რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩი იღებს მონაწილეობას.

დღესვე დიპლომატიური ტურის მონაწილეებისთვის რეგიონის შესახებ პრეზენტაციას გამართავს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია. ტურის ფარგლებში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები გაეცნობიან სამეგრელოს რეგიონის როგორც ეკონომიკურ, ასევე ტურისტულ პოტენციალს და ღირშესანიშნაობებს. დიპლომატები დაათვალიერებენ სამეგრელოში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

ხვალ ელჩები დაათვალიერებენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიას და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მოქმედ საწარმოს.

დიპლომატიური ტური 2016-ის თანაორგანიზატორია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „საპარტნიორო ფონდი“ და ”საქართველოს რკინიგზა”.