სამეგრელოს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე 40 ქვეყნის ელჩი სტუმრობს. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ენგურის ხიდზე იმყოფებიან. მათთან ერთად არიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
"დიპლომატიური ტური", რომლის ფარგლებშიც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონს სტუმრობენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით იმართება. დიპლომატიურ ტურში საქართველოში აკრედიტებული ორმოცამდე რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩი მონაწილეობს.
ტურის ფარგლებში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები გაეცნობიან სამეგრელოს რეგიონის როგორც ეკონომიკურ, ასევე ტურისტულ პოტენციალს და ღირშესანიშნაობებს. ასევე სტუმრები საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გამართავენ რეგიონის ხელმძღვანელობასთან.
დიპლომატები გაეცნობიან საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებს,
აგრეთვე დაათვალიერებენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიას და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მოქმედ საწარმო „სტიმორს“.
დიპლომატიური ტურის მონაწილეებისთვის რეგიონის შესახებ პრეზენტაციას გამართავს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია.
ტურის ფარგლებში დიპლომატები მოინახულებენ სამეგრელოში არსებულ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც.
დიპლომატიური ტური 2016-ის თანაორგანიზატორია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს რკინიგზა.