EUMM - აფხაზეთის მხრიდან, შეიარაღებულმა პირებმა გადმოკვეთეს ხიდი და გასროლა განახორციელეს

EUMM - აფხაზეთის მხრიდან, შეიარაღებულმა პირებმა გადმოკვეთეს ხიდი და გასროლა განახორციელეს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს 19 მაისს, ხურჩა-ნაბაკევის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ადგილობრივი მკვიდრის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტს.

ამ შინაარსის განცხადებას ევროკავშირის მონიტორინგის მისია ავრცელებს.

მისი მიხედვით, ადგილობრივი თვითმხილველების ნაამბობზე დაყრდნობით გაკეთებული წინასწარი შეფასების საფუძველზე, აფხაზეთის მხრიდან, შეიარაღებულმა პირებმა გადმოკვეთეს ხიდი თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე და განახორციელეს გასროლა.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აამოქმედა ცხელი ხაზი და ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლას. ჩვენ შეგვატყობინეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გმობს ამ ფატალურ ინციდენტს.  მწუხარებას გამოვხატავთ და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკონტროლებს ადგილზე არსებულ ვითარებას და აგროვებს ინფორმაციას, რომელსაც ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს აწვდის. მისია კონკრეტულ ადგილებში დარჩება საჭირო ხანგრძლივობით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ საფუძვლიანი გამოძიებები ჩატარდება მაქსიმალურად სწრაფად  და მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რამაც შესაძლოა, სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს. ამგვარი ფაქტები მოითხოვს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სწრაფი განახლების დამატებით აუცილებლობას".

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, "19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გმობს ხურჩაში მომხდარ ფაქტს. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას".