ვენეციის კომისია

ვენეციის კომისია "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონზე მოსაზრებას 10 დღეში მოამზადებს

ვენეციის კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაგზავნილი კანონპროექტის შესწავლა დაიწყო.

აღნიშნული შინაარსის წერილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციამ "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსაგან მიიღო.

"ვეცდებით, მოვამზადოთ ჩვენი საჯარო, წინასწარი მოსაზრება "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონთან და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ყველაზე მჭიდრო ვადაში - 10 დღეში “,  - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს ჯანი ბუკიკიო აწერს.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს.

"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5 წლის ვადით აირჩევს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამავე წესით აირჩევს მის ორ მოადგილეს.

თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით.

ასევე, კანონში შედის კიდევ რამდენიმე ცვლილება და მათ შორის ისიც, რომ 2/3-მდე იზრდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი.