სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის ყოფილი კოორდინატორი აცხადებს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსებისთვის ბრალის წაყენების შემთხევაში, მათი დაკავება რთული იქნება.
"პირWელს" ალექს ვაიტინგმა განუცხადა, რომ მიუხედავად ამ სირთულისა, წარსულში მიღებული გამოცდილება იმედისმომცემია, რადგან, ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ჰააგაში, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი ელოდა დაკავებას.
"პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვა, რომ არავის დადანაშაულება არ მოხდება, ვიდრე პროკურორი არ მიიჩნევს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა, მტკიცებულება ადასტურებს ამა თუ იმ პირის მონაწილეობას ომის დანაშაულებებსა ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებებში. რუსებისთვის ბრალის წაყენების შემთხვევაში, რთული იქნება მათი დაკავება ან მათი ჰააგაში გადაცემა, თუ ისინი რუსეთში ცხოვრობენ. მაგრამ წარსულში მიღებული გამოცდილება კვლავ იმედს გვაძლევს. საბოლოოდ, ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ჰააგაში მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი არ ელოდა დაკავებას. მაშასადამე, შემიძლია დავასკვნა, რომ საქართველოს გამოძიებაში ბევრი გამოწვევებია და ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, რეალისტურად განეწყონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაძლებლობებში. თუმცა, ვფიქრობ, არასწორი იქნება, ეს საქმე უიმედოდ განვიხილო - ამ სფეროში მართლმსაჯულებას გამარჯვების მიღწევა შეუძლია მაშინაც კი, როდესაც ამას არ ველოდებით",- განუცხადა "პირWელს" ალექს ვაიტინგმა.
ცნობისთვის, ალექს ვაიტინგი ამჟამად ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორია, სადაც ის აქცენტს საერთაშორისო და შიდა დევნის საკითხებზე აკეთებს. 2010-13 წლებში, ვაიტინგი იყო საგამოძიებო კოორდინატორი და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის კოორდინატორი; კურირებდა ოფისში მიმდინარე ყველა გამოძიებას და სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებულ საქმეებს.
შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება უკვე დაიწყო. საერთაშორისო სასამართლომ პროკურორ ფატუ ბენსუდას შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას საგამოძიებო მოქმედებების გატარების უფლება მისცა.
მოსამართლეები პროკურატურას უფლებას აძლევენ, გამოიძიოს შესაძლო კრიმინალური დანაშაულებები, რომლებიც დაფიქსირდა საქართველოს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამხრეთ ოსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. როგორც ჰააგის სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, არსებობს იმის საფუძველი, რომ ომის პერიოდში ჩადენილი იქნა ისეთი დანაშაულები კაცობრიობის წინაშე, როგორიცაა მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა, ასევე სამხედრო დანაშაულებები და სამშვიდობოებზე თავდასხმა.