ნატო-ს წარმომადგენელმა ჩვენთან შეხვედრაზე დააყენა საკითხი, რომ კანონი არის პრობლემური და პროკურატურას პოლიტიკური ზეწოლის შესაძლებლობას აძლევს.
ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ლაჰიუს განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
ალასანიას თქმით, შესყიდვების კანონი არ არის გაწერილი და სრულყოფილი, რაშიც უილიამ ლაჰიუს „თავისუფალი დემოკრატები“ ეთანხმებიან.
„ეს არის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას საკანონმდებლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად, მაგრამ ეს არის ის ხარვეზი, რომელიც შეიძლება პოლიტიკურად იქნას გამოყენებული ავტორიტარული ხელისუფლების მიერ და სასწრაფოდ არის გადასადგმელი ნაბიჯები ამ კუთხით“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, უილიამ ლაჰიუმ მთავარ პროკურატურაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეკითხვები აქვთ არა პროკურატურის, არამედ კანონის მიმართ.
უილიამ ლაჰიუ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და საქმის პროკურორებს შეხვდა, სადაც მათ ე.წ. კაბელების საქმის დეტალები გააცნეს.
„ჩვენი შეკითხვები, ძირითადად, ეხება არა პროკურატურის ქმედებებს, არამედ კანონს, როგორც ასეთს, რომელიც პროკურატურის საქმე არ არის, არამედ პარლამენტის საქმეა. საკითხავია, როგორ ხდება კანონის ინტერპრეტაცია და მისი გამოყენება სისტემაში, რომელიც უნდა იყოს მიმართული შესყიდვების პროცესის უზრუნველყოფისკენ. ამიტომ, სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს შეუძლიათ მსგავსი შემთხვევების პრევენცია“, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.