”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები ვენეციის კომისიას უკვე პრეზიდენტმაც გადაუგზავნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა და განმარტა, რომ ვენეციის კომისიისთვის კანონპროექტის გაგზავნა დღეს დილით მოხდა.
”გუშინ საღამოს, 19:00 საათზე შემოვიდა საქართველოს პრეზიდენტთან ხელმოსაწერად ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები და დღეს დილას პრეზიდენტმა უკვე გადააგზავნა ის ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოგზავნის ვენეციის კომისია თავის დასკვნას აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით”, - განაცხადა იმერლიშვილმა.
რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტო დაადოს, იმერლიშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
”ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილება მიღებული. საქართველოს პრეზიდენტი, იქამდე, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებს - მოაწეროს კანონპროექტს ხელი თუ დაუბრუნოს საქართველოს პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით, როგორც ითქვა, აუცილებლად, კიდევ ერთხელ გაივლის კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორთან”, - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.
თავის მხრივ, პარლამენტის უმრავლესობაც აცხადებს, რომ ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები ვენეციის კომისიას გადაუგზავნა.