დღეს ევროკავშირის საბჭო მიღებს გადაწყვეტილებას ე.წ. შეჩერების მექანიზმის გადახედვაზე, რომელიც ითვალისწინებს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დროებით შეჩერებას იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანამ გათვალისწინებული პირობები დაარღვია.
„ევროპაში არსებული მიგრაციული სიტუაციის კონტექსტში და იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული კომისია საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თურქეთსა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის წინადადებით გამოვიდა, კომისიამ 2016 წლის 4 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, გამოვიდეს რეგულაცია 539/2001-ში ცვლილებების შეტანის ინიციატივით, რათა მოხდეს შეჩერების მექანიზმის გადახედვა“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
ამ წინადადების ძირითადი მიზანი მოხდეს შეჩერების მექანიზმის გაძლიერება, რათა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის უფრო მარტივი გახდეს ევროპული კომისიისთვის იმ გარემოებების გაცნობა, რომლის გამოც შესაძლოა ამოქმედდეს შეჩერების მექანიზმი.
ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ე.წ. შეჩერების მექანიზმის შესახებ რეგულიაცია 2013 წქლის დეკემბერში მიიღეს.
ამ მექანიზმის თანახმად, როდესაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს 6 თვის განმავლობაში ექმნება გარკვეული სახის პრობლემები, რომელიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდება და იწვევს საგანგებო სიტუაციას, რომელსაც ქვეყანა თავად ვერ უმკლავდება, მაგ შემთხვევაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება მიმართოს ევროპულ კომისიას თხოვნით, რომ მესამე ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი დროებით შეაჩეროს.
ასეთ გარემოებებად სახელდება არალეგალი მიგრანტების ნაკადის მკვეთრი ზრდა, თავშესაფრის მიღების დაუსაბუთებელი მოთხოვნები და სხვა ანალოგიური შემთხვევები.
თუ ევროკომისია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ მესამე ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი 6 თვის ვადით შეჩერდება.