გაუგებარია, რატომ ჩათვალა პრეზიდენტმა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტი ვენეციის კომისიაში არ აგზავნის

გაუგებარია, რატომ ჩათვალა პრეზიდენტმა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტი ვენეციის კომისიაში არ აგზავნის

გაუგებარია, რატომ ჩათვალა პრეზიდენტმა, რომ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს პარლამენტი ვენეციის კომისიაში არ აგზავნის და რაში სჭირდება მას ზედმეტი აჟიოტაჟი, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა.

კობახიძის ინფორმაციით, პარლამენტის ადამიანის უფლებათ დაცვის კომიტეტი (პროექტის ავტორი და ინიციატორი) შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, დღესვე გადააგზავნის მიღებულ კანონს, ვენეციის კომისიისთვის წარსადგენად.

“ყველაფერი თავისი განმარტებითი ბარათითა და თარგმანით მზად არის და ყველა პროცედურის დაცვით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი საგარეო საქმეთა სამინისტროს უგზავნის, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც ევროპის საბჭოში მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი, მიმართავს ვენეციის კომისიას თხოვნით, განიხილოს აღნიშნული კანონი.

პრეზიდენტს ასეთი რამ არასდროს გაუკეთებია და არ ვიცი, ახლა რატომ ფიქრობს, რომ ასე უნდა გააკეთოს, რატომ ჰგონია და ეჭვობს, რომ ჩვენ არ ვაგზავნით. ეს ცოტა გაუგებარია. კანონპროექტი პრეზიდენტმა პარლამენტისგან გუშინ მიიღო და მისი ის წუხილი, რომ თურმე ქუთაისში ფეხით უნდა ჩავიდეს და ჩამოიტანოს, ასევე სრულიად გაუგებარი იყო. იმის მიუხედავად, რომ პარლამენტს კიდევ ჰქონდა გადაგზავნის ვადა, პრეზიდეტმა ის გუშინ მიიღო“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მისივე ცნობით, 23 მაისს, პარიზში, მონიტორინგის კომიტეტის სხდომა ტარდება, სადაც “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე იქნება საუბარი.