პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს ვენეციის კომისიას თავად გადაუგზავნის

პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს ვენეციის კომისიას თავად გადაუგზავნის

საქართველოს პრეზიდენტი ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს ვენეციის კომისიას თავად გადაუგზავნის. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა ან შეფასება კანონპროექტთან დაკავშირებით შესაძლოა პრეზიდენტის გადაწყვეტილებამდე ვერ მოესწროს, თუმცა ის ნებისმიერ დროს საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება.

”პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად გადაუგზავნოს ვენეციის კომისიას. ვენეციის კომისიის მოსაზრება, ალბათ, საინტერესო იქნება ნებისმიერ შემთხვევაში, მითუმეტეს, რომ იცით, იგეგმება სხვადასხვა პირის მხრიდან ამ კანონის გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში.

ვენეციის კომისიის მოსაზრებები საკონსტიტუციო სასამართლოს დაეხმარება, რომ კიდევ უფრო კარგად გააზრებული პოზიცია იყოს ჩამოყალიბებული ამ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება ვეტოს დაძლევის ამბავი თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პროცესი, ვენეციის კომისიის დასკვნა და პოზიცია იქნება საინტერესო”, - განაცხადა კოჟორიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ახლად მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ქვეყნის პირველი პირის შეფასებას, პრეზიდენტის მრჩევლის განმარტებით, გიორგი მარგველაშვილის უარყოფითი პოზიცია ძალაში რჩება.

”როგორც იცით, პრეზიდენტს ჰქონდა უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნულ კანონპროპექტთან დაკავშირებით. მისი დავალებით, მისი გუნდი ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობთ ამ თემაზე. ჩვენ არ გვქონდა კანონპროექტის ოფიციალური ვერსია, მაგრამ გვქონდა ის ვერსია, რაც პარლამენტში მესამე მოსმენით იყო გატანილი. გუშინ უკვე ოფიციალურად შემოვიდა კანონპროექტის საბოლოო ვერსია და მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის კრიტიკული დამოკიდებულება ძალაში რჩება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კანონპროექტი ძალიან სერიოზულ საფრთხეს და რისკებს შეუქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულად ფუნქციონირებას, ასევე ადამიანის უფლების და ძალიან ბევრი სხვა უფლების დაცულობას საქართველოში”, - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.

კანონპროექტთან მიმართებაში პრეზიდენტის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, კოჟორიძის თქმით, ამ ეტაპზე არ შეუძლია თქმა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქვეყნის პირველი პირი ანუ იქნება გამოყენებული ვეტო თუ მას ხელს მოაწერს.

”ვერ გეტყვით, იქნება თუ არა ვეტო აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. პრეზიდენტი თავად მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას ამის შესახებ. ეს არის მსჯელობის საგანი. პრეზიდენტი გამოიყენებს ყველა იმ ბერკეტს, რა ბერკეტიც უფრო ეფექტური იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად. რა იქნება ეს ბერკეტები, ამაზე თავად პრეზიდენტი ისაუბრებს”, - აღნიშნა კოჟორიძემ.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციას, კოჟორიძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები კიდევ შედგეს, თუმცა პრეზიდენტის მრჩევლის განმარტებით, გიორგი მარგველაშვილისთვის მათი პოზიცია უკვე ცნობილია.

”ჯერჯერობით ვერ გეტყვით კონსულტაციები კიდევ შედგება თუ არა, ამ ეტაპზე არ დაგეგმილა. არ გამოვრიცხავ, რომ შედგეს, თუმცა მათი პოზიცია ჩვენთვის ცნობილია”, - განაცხადა კახა კოჟორიძემ და დასძინა, რომ მათთვის ასევე ცნობილია კანონპროექტთან დაკავშირებით ევროსაბჭოს წარმომადგენლების კრიტიკული პოზიციაც.

”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში 14 მაისს შეტანილი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პრეზიდენტს გუშინ გადაუგზავნა. ქვეყნის პირველ პირს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად 10 დღიანი ვადა აქვს.

თავად ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5-წლის ვადით აირჩევს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამავე წესით აირჩევს მის ორ მოადგილეს.

სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის უფლება თავად საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება - თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით.

კიდევ ერთი პრინციპული საკითხი იმ მოსამართლეებს შეეხებათ, რომელთაც კონსტიტუციური უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურებათ.

სიახლეა ისიც, რომ 2/3-მდე იზრდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი.

გარდა ამისა, მეორე მოსმენით მიღებულ ვარიანტში განისაზღვრა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში მისი სრულად გამოცხადებისა და სასამართლოს ვებ-გვერდზე ატვირთვის შემდეგ შევა.