საქმეზე ვისი საჭიროებაც იყო, ის ადამიანები დაკითხულები არიან და იმის მტკიცება, რომ რაღაც არ გაკეთდა, არასწორია

საქმეზე ვისი საჭიროებაც იყო, ის ადამიანები დაკითხულები არიან და იმის მტკიცება, რომ რაღაც არ გაკეთდა, არასწორია

იმის მტკიცება, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე რაღაც არ გაკეთდა არასწორია, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შოთაძის თქმით, მთავრობის სხდომაზე თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონი ლარის გამოყოფა ოპტიკური ხაზის მშენებლობისთვის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ოპტიკური ხაზი არის უძრავი ქონება. ხოლო თავდაცვის სამინისტრომ რაც შეიძინა, ეს არ არის უძრავი ქონება.

„კაბელების წვერები და აპარატურა, რომელიც შეიძინა თავდაცვის სამინისტრომ, არ არის უძრავი ქონება. შესაბამისად, ეს წინადადება არ იყო სწორი, არ შეესაბამებოდა იმას, რაზეც საბოლოო ჯამში ხელშეკრულება გაფორმდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო, სახელმწიფო შესყიდვას ახორციელებდა თავდაცვის სამინისტრო, შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო იყო ვალდებული გაეკონტროლებინა და ეს შესყიდვა განეხორციელებინა კანონის შესაბამისად და თავდაცვის სამინისტრო, შესაბამისი თანამდებობის პირები, ვინც განახორციელეს ეს შესყიდვა, არიან პასუხისმგებელი ამ თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა იმჟამინდელი მინისტრი ირაკლი ალასანია პასუხისმგებელი აღნიშნული თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე, შოთაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე შესაბამისი სტანდარტებით რა მტკიცებულებებიც არის მოპოვებული, ის პასუხისმგებელი პირები მიცემული არიან პასუხისგებაში და მათ მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

„საქმეზე ვისი საჭიროებაც იყო, ის ადამიანები დაკითხულები არიან და იმის მტკიცება, რომ ამ საქმეზე რაღაც არ გაკეთდა, არასწორია, რადგან საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება. საქმე მოიცავს დაახლოებით 22 ტომს და, შესაბამისად, არასწორია მტკიცება, რომ საქმეზე რაღაც არ გაკეთდა“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მთავარი პროკურორი ასევე განმარტავს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული,სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა დადგეს იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას პასუხისმგებლობის საკითხი, ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურა ვარაუდების დონეზე ვერ ისაუბრებს და გამოძიების მსვლელობისას ყველაფერი გამოიკვეთება.