საგარეო საქმეთა სამინისტრო:  აფხაზეთის რეგიონში არსებული ვითარება არის სრულიად უკონტროლო

საგარეო საქმეთა სამინისტრო: აფხაზეთის რეგიონში არსებული ვითარება არის სრულიად უკონტროლო

ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ჩადენილი მკვლელობის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საგარეო საქმეთა სამინისტრო შეძრწუნებულია 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტით და თანაგრძნობას უცხადებს მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახსა და ახლობლებს.

”ეს დანაშაულებრივი აქტი ცხადყოფს, რომ აფხაზეთის რეგიონში არსებული ვითარება არის სრულიად უკონტროლო და მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის მხარეს, როგორც საოკუპაციო ძალას. აღნიშნული მკველელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.

ხსენებულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორის მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან და მოსთხოვა მათ შესაბამისი რეაგირება. ასევე შედგა სატელეფონო საუბარი ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს დავით დონდუა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს გრიგორი კარასინს შორის.

ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რათა მოხდეს ამ დანაშაულზე შესაბამისი, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი რეაგირება და დამნაშავეები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.