ქეთევან ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ჩინეთში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაში

ქეთევან ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ჩინეთში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაში

19 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო პეკინში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში First World Conference on Tourism for Development, რომელიც  ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლე კეციანმა გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის დელეგატებმა. სესიაზე ქეთევან ბოჭორიშვილი ვრცელი მოხსენებით წარსდგა და  სიღარიბის დაძლევაში ტურიზმის როლზე ისაუბრა.

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციასა და ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და კონკრეტული პროექტების განხორციელებას ტურიზმის სექტორში. ''ბოლო პერიოდში განსაკუთრებული წინსვლა აღინიშნება საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების კუთხით, რასაც მოწმობს ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, მოცემული მემორანდუმიც ადასტურებს ახალი  ინიციატივების განხორციელების მზაობას''- განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა  ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ლი ჯინზაოსთან, სადაც სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. ქეთევან ბოჭორიშვილთან ერთად ღონისძიებებში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ  საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში  დავით აფციაური და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი.