შესაძლოა იმ პარტიათა რაოდენობა გაიზარდოს, რომელთაც საარჩევნოდ უფასო საეთერო დროის გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ

შესაძლოა იმ პარტიათა რაოდენობა გაიზარდოს, რომელთაც საარჩევნოდ უფასო საეთერო დროის გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ

შესაძლოა იმ პარტიათა რაოდენობა გაიზარდოს, რომელთაც საარჩევნოდ უფასო საეთერო დროის გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ და ეს დრო ყველა ე.წ. კვალიფიციურ სუბიექტზე გადანაწილდეს.

ამ და მთელ რიგ სხვა ინიციატივებს საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომლის ერთი ნაწილი - ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ნაწილი კი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელს ვახტანგ ხმალაძეს ეკუთვნის. კომიტეტმა დღეს პროექტის პარლამენტში ინიცირების საკითხზე იმსჯელა და მას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებს არა მარტო ის პარტია, რომელიც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის (ბლოკის) პირველი ნომერი იყო ან რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების 4% ან მეტი მიიღო, არამედ ყველა პარტია, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს. ამასთანავე, პროექტით არ იზრდება მაუწყებლის მიერ გამოსაყოფი უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობა.

კანონპროექტით მკაფიოდ განისაზღვრება პარტიისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტისა და სხვა პარტიის მიერ უფრო მეტი დაფინანსების მიღებისას, პარტიის მიერ დანიშნული ცესკოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისა და მეტი დაფინანსების მიმღები პარტიის წარმომადგენლით კომისიის წევრთა რაოდენობის 7-მდე შევსების საწყისი თარიღი. კერძოდ, კომისიის წევრის დანიშვნის უფლებამოსილება მეტი დაფინანსების მიმღები პარტიისათვის იწყება დაფინანსების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, ხოლო დაფინანსების უფლების წარმოშობის თარიღი განისაზღვრება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონით - ეს თარიღი დაუკავშირდა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, რადგან როგორც საკომიტეტო განხილვისას ითქვა, დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია საპარლამენტო ფრაქციის არსებობა-არარსებობაზე, ეს კი პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერ გაირკვევა.

პროექტით ასევე განისაზღვრა “საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდის“ დასაწყისი და დასასრული. კერძოდ, საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდი ეს არის დროის მონაკვეთი არჩევნების/რეფერენდუმის დღემდე მე-60 დღიდან, შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების/რეფერენდუმის საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით.

გარდა ამისა, “საარჩევნო კოდექსს“ ემატება მუხლი, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის წესი, რომელიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილია, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე.

პროექტში წარმოდგენილია სხვა ცვლილებებიც, რომლის განხორციელების მიზეზიც ავტორთა განმარტებით არის ის, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში არის ხარვეზები, რაც პრაქტიკაში პრობლემებს წარმოშობს.

“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს დღეებში წარედგინება.