ხმელთაშუა ზღვაში მაშველებმა, სავარაუდოდ, გაუჩინარებული ლაინერის ორი მგზავრის ცხედარი იპოვეს

ხმელთაშუა ზღვაში მაშველებმა, სავარაუდოდ, გაუჩინარებული ლაინერის ორი მგზავრის ცხედარი იპოვეს

ხმელთაშუა ზღვაში მაშველებმა ორი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ტელეკომპანია Al Arabiya წერს. თავის მხრივ, დასავლური მედია იტყობინება, რომ სამძებრო ოპერაციის ფარგლებში ნაპოვნია თვითმფრინავის ფრაგმენტები.

სააგენტო AFP-სთან საუბარში წყარომ საბერძნეთის სამხედრო უწყებიდან განაცხადა, რომ კრეტას კუნძულთან ნაპოვნია გაუჩინარებული ლაინერის ორი ფრაგმენტი.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს სააგენტო „როიტერიც“, რომლის ცნობით, ნამსხვრევები ნაპოვნია 80 კილომეტრში იმ ტერიტორიიდან, სადაც ლაინერი რადარებიდან გაქრა.

როგორც ცოტა ხნის წინ ეგვიპტის ავიაციის მინისტრმა განაცხადა, ლაინერის გაუჩინარება სავარაუდოდ, ტერორისტულ აქტს უკავშირდება, ვიდრე ტექნიკური სახის პრობლემას.

თავის მხრივ, ტელეკომპანია „ბიბისი“ წერს, რომ ისლამისტები სოციალურ ქსელებში ლაინერის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებენ, თუმცა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილი ლაინერი, ”A320”-ი პარიზიდან კაიროში მიემგზავრებოდა. ბორტზე 66 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი. თვითმფრინავი რადარებიდან დღეს, კაიროში დაშვებამდე ნახევარი საათით ადრე გაქრა.