დღეს მონტენეგრო და ნატო ხელს მოაწერენ შეთანხმებას მონტენეგროს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ამ გზით მონტენეგრო ალიანსის რიგით 29-ე წევრი გახდება.
ამის შესახებ რადიო ”თავისუფლება” იტყობინება.
ბრიუსელში, ალიანსის ორდღიანი მინისტერიალის ფარგლებში, შეთანხმებას მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი მოაწერს ხელს.
„ეს ისტორიული დღეა ალიანსისთვის, მონტენეგროსთვის და ასევე, დასავლეთ ბალკანეთისთვის. მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანება ადასტურებს, რომ ალიანსის კარები ღიაა“ , - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მონტენეგრო ნატო-ს სხდომებს დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსით დაესწრება, სანამ ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა არ მოახდენს აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირებას.
მონტენეგრო ალბანეთსა და ხორვატიასთან ერთად დასავლეთ ბალკანეთის რიგით მესამე ქვეყანა გახდება, რომელიც ნატო-ში გაწევრიანდება.