საარჩევნო სიის საბოლოო დამტკიცება „ნაცმოძრაობის“ ყრილობის შემდეგ მოხდება

საარჩევნო სიის საბოლოო დამტკიცება „ნაცმოძრაობის“ ყრილობის შემდეგ მოხდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მედიაში გავრცელებული „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სია წინასწარი დოკუმენტია, რომელიც სავარაუდოდ სრულყოფას კიდევ განიცდის.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო სიის საბოლოო დამტკიცება „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის შემდგომ მოხდება.

„ეს არის შიდაპარტიული, ორგანიზაციული ხასიათის დოკუმენტი, რომელიც სავარაუდოდ სრულყოფას კიდევ განიცდის, თუმცა არსებულ სიას თუ გადავხედავთ, მნიშვნელოვანი გადახალისებაა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ლიდერის პოზიციებს დაიკავებენ, ანუ წინა ათეულებში არიან. ამავდროულად, ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ იმ მებრძოლებს, რომლებმაც ბოლო 4 წლის განმავლობაში სერიოზული პოლიტიკური წნეხი განიცადეს ხელისუფლების მხრიდან, ჩამოყალიბდნენ მებრძოლებად, პრინციპების მქონე ადამიანებად. თან იმის გათვალისწინებით, რომ პირველად საქართველოში რეგიონებს საშუალება მიეცათ თავისი წარმომადგენლები თავად აერჩიათ, ეს ადამიანები პარტიულ სიაში ყოფნას იმსახურებენ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, აქცენტი კეთდება ახალი სახეების წარმოჩენაზე, თუმცა ამავდროულად ძველი გამოცდილების მქონე ადამიანებს ექნებათ საშუალება სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქებში სცადონ ბედი.