პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ბევრი ისეთი რამ ჩაიდო, რაც გასასწორებელი იყო, მაგრამ პროექტში ასევე ჩაიდო საკითხები, რაც სტანდარტს სცილდება.
“მოქმედ პარლამენტში, რომელსაც უფლებამოსილება ოქტომბერში ეწურება, შეიძლება დაგვრჩეს მიუღებელი კანონი. შეიძლება ეს იყოს ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, მაგრამ ამასობაში პარლამენტის ვადა იწურება - რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში, პარლამენტს გავუგრძელოთ ვადა, ვიდრე ის ძალიან მნიშვნელოვან კანონებზე მუშაობას დაასრულებს?! ამას ხომ ვერ ვიზამთ! როდესაც კონსტიტუციაში წერია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ინიშნება კონკრეტული ვადით და ეს ვადა ამოიწურა, შეხედეთ ამას მეორე მხრიდან, ვადაამოწურული მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მერე თქვენ არ მოგწონთ, არ გაგიჩენთ კითხვას იმის შესახებ, რომ ამ მოსამართლეს ვადა ხომ ამოწურული აქვს და მან როგორ და რატომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელმაც მე დამაზარალა?! თავისთავად ეს საკითხები ჩამოსაყალიბებელი რომ იყო სწორედაც ვენეციის კომისიის მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, პროექტზე მუშაობის პროცესში “რესპუბლიკელები“ და ვახტანგ ხმალაძეც ამიტომ ჩაერთო ძალიან აქტიურად“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ფრაქცია “რესპუბლიკელებმა“ მხარი არ დაუჭირეს.