დიდი ხანია, მოდაშია უსუფაშვილისკენ ხელის გაშვერა და გპირდებით, ცოტა ხანში ეს უფრო მეტჯერ იქნება, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის იმ ბრალდებებს, რომელიც “საკონსტიტუციო სასამართლოს შეახებ“ კანონში ცვლილებების დაჩქარებულად მიღებას ეხება.
“პარლამენტი უსუფაშვილის უწყება არ არის და უსუფაშვილი პარლამენტის დირექტორი და უფროსი არ არის, როგორც ეს შესაძლოა მიღებულია შიდაპარტიულ ცხოვრებაში. ამ კონკრეტული პროექტის განხილვისას პოლიტიკურ ძალებს თავიანთი პოლიტიკური ტაქტიკა ჰქონდათ. ერთ-ერთი ძალა ცდილობდა, გამოეყენებინა ყველაფერი იმისთვის, რომ გაეწელა დრო და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვალდებული იყო რეგლამენტის ფარგლებში ყველასთვის იმის საშუალება მიეცა, რაც მათ ტაქტიკა ჰქონდა. რაც შეეხება პარლამენტის ბიუროს სხდომის გვიან გამართვას, ვინც ბიუროს სხდომებს აშუქებთ, გთხოვთ გაიხსენეთ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ბიუროს სხდომა 21:00 საათზე ჩატარდა?! 02:00 საათზე ჩატარებული ბიურო არ გახსოვთ ან გათენებული ღამეები?! მარტივად თქმა, რომ უსუფაშვილს შეუძლია დაბლოკოს პარლამენტი, ასე არ არის. პარლამენტში არსებობს წესები და ბიუროზე გადაწყვეეტილების მიღების წესი“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
აქვე უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ 13 მაისს, გვიან საღამოს ჩატარებულ ბიუროს სხდომაზე, მეორე დღესათვის პლენარული სხდომის ჩატარების საკითხს პირადად მან მხარი არ დაუჭირა, მაგრამ, მისივე თქმით, ეს იყო ერთი ხმა, ბიურო კი, გადაწყვეტილებას კოლეგიურად იღებს.