თუკი პრეზიდენტს პარლამენტისგან რაიმე საკითხი დადგენილ ვადაში ადრე სჭირდება, შეუძლია ქუთაისში არა - თბილისში მობრძანდეს და თუ რაიმე დამჭირდება პრეზიდენტისგან დათქმულ ვადაზე ადრე, სიამოვნებით ვესტუმრები მას ავლაბარში, - აღნიშნული განცხადებით პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების პროექტის გადაგზავნასთან დაკავშირებით უპასუხა.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პროექტი ბოლო დამუშავების სტადიას გადის, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული და პრეზიდენტს ის უახლოეს ხანებში, კონსტიტუციით დადგენილ ვადებში გადაეგზავნება.
“მისი შემდგომი მომავალი და ბედი დამოკიდებულია იმ გადაწყვეტილებეზე, რასაც პრეზიდენტი და პარლამენტი მიიღებს. პარალელურ რეჟიმში, პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინიციატივით და თხოვნით ვენეციის კომისიაში იგზავნება დასკვნისთვის. ასე რომ, ამ კონკრეტულ საკითხში სხვა უფრო კვალიფიციური და ავტორიტეტული სუბიექტების აზრიც გაჩნდეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
მან აღნიშნა ისიც, რომ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს “რესპუბლიკელებმა“ მხარი არ დაუჭირეს და პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენებისა და პროექტის კენჭისყრაზე ხელახლა დაყენების შემთხვევაში, მათი გადაწყვეტილება იგივე იქნება.
“რაც შეეხება იმას, მხარს დავუჭერთ თუ არა პრეზიდენტის შენიშვნებს, ეს დამოკიდებული იქნება შენიშვნებზე და არა მიღებულ კანონზე“, - დასძინა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ ერთგვარი უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტი პარლამენტს მისთვის ჯერ არ გადაუგზავნია.
”ვფიქრობ, იქნებ ქუთაისში მივაკითხო პარლამენტს და ჩემით წამოვიღო ეს კანონპროექტი, რომ ბოლოს და ბოლოს დეტალებზე გესაუბროთ, თუ რა სირთულეებია კანონში," - განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.
პარლამენტმა "საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში" ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. ოპოზიციას ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, რის გამოც პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადებას ურჩევს.