ბრალდების ვერდამტკიცების შემთხვევაში, თურქეთი ლავროვს ანტალიაში დასვენებას სთავაზობს

ბრალდების ვერდამტკიცების შემთხვევაში, თურქეთი ლავროვს ანტალიაში დასვენებას სთავაზობს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მზად არის, თანამდებობიდან გადადგეს, თუ "ისლამურ სახელმწიფოსთან“ თურქეთის კავშირი დამტკიცდება

აღნიშნული განცხადება თურქმა დიპლომატმა ვენაში, სირიის საკითხზე გამართულ საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

"თქვენ სერიოზული დიპლომატი და მონაწილეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ხართ. ვფიქრობ, მსგავსი ინფორმაციები სერიოზულად არ უნდა აღიქვათ. თუ რუსეთს ერთი ფაქტი მაინც ექნება იმის დამადასტურებელი, რომ თურქეთი "ისლამურ სახელმწიფოს“ ეხმარება, მზად ვარ თანამდებობა დავტოვო. ხოლო თუ ამის დამტკიცებას ვერ შეძლებთ, მთელი ცხოვრების განმავლობაში, ანტალიაში ჩვენი სტუმარი იქნებით”, - მიმართა მევლუთ ჩავუშოღლუმ სერგეი ლავროვს.

ჩავუშოღლუმ რუს კოლეგას თურქეთის პრეზიდენტის სიტყვებიც შეახსენა, სადაც რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მზად არის, პრეზიდენტის პოსტიდან გადადგეს, თუ თურქეთს ტერორისტებთან კავშირი დაუმტკიცდება.

ცნობისთვის, ვენაში, საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თურქეთი "ისლამურ სახელმწიფოს“ მხარს უჭერს.