პარტიიდან გარიცხვის თემით, ვიღაცას სურს, არასწორი ნაბიჯებისკენ გვატაროს

პარტიიდან გარიცხვის თემით, ვიღაცას სურს, არასწორი ნაბიჯებისკენ გვატაროს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, იმედს იტოვებს, რომ თამაზ მეჭიაური საკუთარი ღირებულებების ერთგული დარჩება და კვლავ გააგრძელებს მმართველ გუნდთან ერთად მუშაობას.

მისი თქმით, დაახლოებით, ერთი თვეა, მეჭიაური პარტიიდან გარიცხვაზე საუბრობს და ღიად აფიქსირებს განსხვავებულ დამოკიდებულებას ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, თუმცა ვოლსკი მიიჩნევს, რომ მისი მოსაზრებები და გამონათქვამები, რასაკვირველია, გუნდის პოზიციას არ განაპირობებს.

"დაახლოებით, ერთი თვეა, ინტენსიურად მიმდინარეობს საუბარი გარიცხვის, გარიყვის, დაგმობის, მოკვეთის, თაობაზე თამაზ მეჭიაურის მხრიდან. რომელმაც საკმაოდ კარგად შეასრულა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობები. საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით, მისი მოსაზრებები და გამონათქვამები, რასაკვირველია, არ განაპირობებს გუნდის პოზიციას. არ მიესადაგება და სამომავლოდაც, ეს თემა მთავარი არ იქნება. ვფიქრობ, მისი პოზიცია არ არის სწორი ამასთან დაკავშირებით, რადგან პრაგმატული, სტრატეგიული გეგმაა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ვგულისხმობ", - განაცხადა დეპუტატმა ტელეკომპანია "GDS"-ის გადაცემა "2030"-ში საუბრისას.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც უამრავი გამოწვევა აქვს საქართველოს, ოპტიმალური გადაწყვეტილებაა ნატო-ში გაწევრიანება და ამაში "არავითარი პოლტიიკური კეკლუცობა ჩადებული არ არის".

"არის მეორე საკითხი, ადამიანების გარკვეული ჯგუფი არსებობს, რომელიც ფიქრობს, რომ მუშტი უნდა დავარტყათ და ოკუპაციის პირობებში მოხდეს ნატო-ში გაწევრიანება, რაც ნატო-ს მოსაზრებით, მისთვის შესაძლოა, წამგებიანი იყოს. აქედან გამომდინარე, ერთადერთი სწორი გზა, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, ეს არის ინტენსიური თანამშრომლობის რეჟიმი, მაქისიმალური დაახლოება სტანდარტების და მონაწილეობა იმ ოპერაციებში, რომელიც ჩვენ სახლებსაც უფრთხილდება", - განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ასეთი მოსაზრებები, რომელსაც მეჭიაური გამოხატავს, საკმაოდ შორს არის მმართველი გუნდის შეხედულებებისგან.

"თანამშრომლობის ეს ხარისხი, სამომავლოდაც ძალიან შორს არის იმ მოსაზრებებისგან, რომელსაც თამაზი გამოხატავს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ, სერიოზულ თემებთან დაკავშირებით, ჩვენ ერთიანი პოზიცია არ გვქონდეს, თუნდაც ტრადიციებთან, ოჯახის თემებთან დაკავშირებით. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს რომ ჰქონდეს იგივე პოზიცია, ღმერთმა დაიფაროს - მაშინ ცოტა სხვა ლაპარაკი იქნებოდა. ასე რომ, ამ წინასარჩევნოდ, ამ გარიცხვებით და ადამიანური ურთიერთობების დავიწყებით, მგონი, ვიღაცას სურს, არასწორი ნაბიჯებისკენ გვატაროს",  - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა მისი განცხადება იმას, რომ თამაზ მეჭიაური "ქართულ ოცნებას" არ დატოვებს, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ბატონი თამაზი დარჩება იმ გადაწყვეტილებების ერთგული, რაც მთელ რიგ კანონპროექტებს ეხება, მაგრამ მმართველი გუნდის პოზიცია რადიკალურად გაიყოფა საერთაშორისო გეგმებთან დაკავშირებით.

"ქვეყნისთვის საგანგებო კანონები გვაქვს მისაღები და იმედი მაქვს, რომ თამაზს კვლავ სწორი პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" დატოვებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღო.