„თავისუფალი დემოკრატები“ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების შეწყალებაზე პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს არ გეგმავენ

„თავისუფალი დემოკრატები“ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების შეწყალებაზე პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს არ გეგმავენ

„თავისუფალი დემოკრატები“ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების შესაძლო შეწყალების შესახებ პრეზიდენტთან მოლაპარაკებების გამართვას არ გეგმავენ, - პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ალასანია დარწმუნებულია, რომ ქვეყნის პირველი პირი აღნიშნულ საქმეს თვალყურს ადევნებს და სწამს, რომ პრეზიდენტი შესაბამისად უყურებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის თქმით, პრეზიდენტთან ამ საკითხზე კომუნიკაცია არ ყოფილა.

„დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან არასამთავრობო სექტორი არის ის დამოუკიდებელი არბიტრი, რომელსაც შეუძლია სწორად, სამართლებრივად შეაფასოს პროცესი, რასაც ”კაბელების საქმე” ჰქვია. მე მგონი ყველასთვის ნათელია, რომ მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით გამოაცხადა, რომ მთელ ქვეყანაში სამშობლოს სამსახურისთვის და კეთილსინდისიერებისთვის ციხეში სვამენ. ეს მიუღებელია ყველასთვის და სწორი სამართლებრივი ინფორმირებისთვის იმ ტყუილის წინააღმდეგ, რაც პროკურატურამ დაიწყო, გვჭირდება საზოგადოების ინფორმირება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, არასამთავარობო სექტორთან ძალიან ღია შეხვედრა გაიმართა და დემოკრატების ლიდერებმა და ადვოკატებმა არასამთავრობო სექტორის ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს.

„ჩვენ უსამართლობას, ადამიანების ციხეში ტყუილად გამწესებას უნდა აღვუდგეთ წინ და დარწმუნებული ვარ საზოგადოება ყველაფერს საკადრის პასუხს გასცემს. რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოს იმედი არ გვაქვს, თუმცა სამართლებრივი ბრძოლა ყოველთვის უნდა გაგრძელდეს, რათა თუ საბოლოოდ სააპელაციომ, უზენაესმა საასამართლოებმა არ მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება ეს საქმე სტრასბურგში უნდა წავიდეს. ეს ადამიანები გამართლდებიან, მაგრამ ამას შესაბამისი პროცედურების გავლა სჭირდება. რა თქმა უნდა, მურუსიძის სასამართლოსი არ მწამს. დარწმუნებული ვარ არც თქვენ გწამთ, რადგან იქ გადაწყვეტილებები შეკვეთით მიიღება“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

”თავისუფალი დემოკრატიის” ლიდერებისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.