აწყურის ღვთისმშობლის ხატით ვარდების მოედნიდან მსვლელობა დაიწყო

აწყურის ღვთისმშობლის ხატით ვარდების მოედნიდან მსვლელობა დაიწყო

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ვარდების მოედნიდან აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყო. მსვლელობაში რამდენიმე ათეული სასულიერო პირი, ასევე სხვადასხვა ტაძრების მრევლი მონაწილეობს. მსვლელობას საეკლესიო ბაირაღებით წინ მიუძღვიან სტიქაროსნები, რომლებიც მოძრაობა „დავითიანნის“ წევრები არიან.

აწყურის ღვთისმშობლის ხატი თბილისში მცხეთიდან მსვლელობით შემოაბრძანეს. ვარდების მოედანზე სასულიერო პირებმა ხატი მისთვის წინასწარ მომზადებულ ხის კიოტაში ჩააბრძანეს, რომელიც ყვავილებითაა დამშვენებული. ხატი მსვლელობას წინ მიუძღვება.

მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს და ხატს სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ. მსვლელობის მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დალოცავს და ოჯახის სიწმინდის დღეს მიულოცავს მრევლს, მორწმუნეებს, რის შემდეგაც ტაძარში ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხდის.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ აწყურის ღვთიმსშობლის ხატის ასლები, ისინი ოჯახებთან, შვილებთან ერთად იმყოფებიან. მსვლელობაში ასევე ჩოხოსნებიც მონაწილეობენ.