საკონსტიტუციო სასამართლო კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებულ შეფასებებს განცხადებით ეხმაურება

საკონსტიტუციო სასამართლო კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებულ შეფასებებს განცხადებით ეხმაურება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, სადაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორცილებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება.

საკონსტიტუციო სასამართლო ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისგან, რომელიც სასამართლოს აზიანებს, მის რეპუტაციას აკნინებს, მისდამი ნდობას ამცირებს და მის წევრებს შეურაცხყოფს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, გამოეხმაუროს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორცილებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული მწვავე დისკუსიის ფარგლებში აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტისა და მედიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ზოგიერთ შეფასებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოაჩენს პოლიტიკური პროცესების მონაწილე ერთ-ერთ მხარედ, ამცირებს მისდამი ნდობას, ეჭვქვეშ აყენებს მის დამოუკიდებლობას და იწვევს მისი თითოეული წევრის დისკრედიტაციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისგან, რომელიც აზიანებს სასამართლოს, აკნინებს მის რეპუტაციას, ამცირებს მისდამი ნდობას და შეურაცხყოფს მის წევრებს.

საკონსტიტუციო სასამართლო თავის კომპეტენციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, თავი შეიკავოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებისგან. ამავე დროს, სასამართლოს თითოეული წევრი მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის ხელშესაწყობად გამოხატულ მხარდაჭერასა და ძალისხმევას”, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.