ადვოკატი ე.წ.კაბელების საქმეზე დამდგარ განაჩენზე მორალურ პასუხისმგებლობას იუსტიციის საბჭოს აკისრებს

ადვოკატი ე.წ.კაბელების საქმეზე დამდგარ განაჩენზე მორალურ პასუხისმგებლობას იუსტიციის საბჭოს აკისრებს

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი კაბელების საქმეზე დამდგარ განაჩენზე მორალურ პასუხისმგებლობას იუსტიციის საბჭოს აკისრებს.

როგორც ბარათაშვილმა განაცხადა, სასამართლოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არის უკუსვლა მართლმსაჯულების სიტემაში და ეს უკუსვლა სასამართლოში სისტემაში გამოიხატება, მათ შორის იუსტიციის საბჭოში განვითარებული მოვლენებით, როდესაც ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში დანაშაულს სჩადიოდნენ, სისტემის მსხვერპლად აცხადებენ და თანამდებობეზე აწინაურებენ.

„ეს არის უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლშეწირვა, ადამიანებისა, რომლებსაც ნაბრძოლი აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, არიან უპატიოსნესი ადამიანები. იმდენად აღმაშფოთებელია ეს ფაქტი, რომ სიტყვები არ მყოფნის. ეს არის უკუსვლა მთელი ქართული მართლმსაჯულების“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებები ორ პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირებას ეწირებიან და აცხადებს, რომ უდანაშაულო ადამიანების მსხვრეპლშეწირვით ქვეყანა ვერ განვითარდება. მისივე თქმით, პროკურატურა ცდილობს ”მღვრიე წყალში თევში დაიჭიროს” და სიცრუეს ტირაჟირებს, როდესაც აცხადებს, რომ მსჯავრდებულებს ”სილქნეტის” წარმომადგენლებთან პირადი კონტაქი ჰქონდათ.

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატები მზადყოფნას გამოთქვამენ საქმის მასალები გაასაჯაროვონ, დაინტერესებული პირებისთვის, წარადგინონ ყველა დოკუმენტი და ყველა კითხვას გასცენ პასუხი. მათივე თქმით, პირველ რიგში თუ ვინმე უნდა დაკითხულიყო საქმის გამოძიების ფარგლებში, ეს იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც ინფორმირებული იყვნენ და მთავრობის სხდომაზე მხარი დაუჭირეს ”სილქნეტსა” და თავდაცვის უწყებას შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებას.