ქვეყანას სჭირდება კომპეტენტურობა, სწორი ხედვა და განახლებული ენერგია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანი არის ახალი სახეებით, ახალი ენერგიით და წარსულზე სწავლით ქვეყნის წინ წაყვანა.
„დღეს ჩვენ წარვადგინეთ განახლებული გუნდის ნაწილი და ჩვენი ამოცანა გახლავთ სწორედ ეს - განახლებით, ახალი ენერგიით, ახალი სახეებით, ძველი გამოცდილებებით და წარსულზე სწავლით უზრუნველვყოთ ის, რომ ქვეყანამ დაიწყოს და გააგრძელოს წინსვლა. უზრუნველვყოთ ის, რომ არსებობდეს კონკრეტული გეგმა, რომლითაც ქვეყანას გამოვიყვანთ ეკონომიკური კრიზისიდან. გავაუმჯობესებთ ჩვენი ოჯახების მდგომარეობას და საქართველოს წავიყვანთ წინ. სწორედ ესაა ჩვენი ხედვა. ქვეყანას სჭირდება კომპეტენტურობა, სწორი ხედვა და განახლებული ენერგია“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს საარჩევნო სიის ნაწილი წარადგინა. საარჩევნო სია საზოგადოებას პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გააცნო. სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება: 1. დავით ბაქრაძე; 2. ელენე ხოშტარია; 3. რომან გოცირიძე; 4. ნიკა მელია; 5. გიორგი ტუღუში; 6. ოთო კახიძე; 7. სალომე სამადაშვილი; 8. ირაკლი აბესაძე; 9. სერგი კაპანაძე; 10. სერგო რატიანი.
ასევე, პარტიის ახალი სახეები იქნებიან ლელა ქებურია, დიტო ძაგნიძე, სოფიო სიუკაევა, ნინო კვიტაიშვილი, მარიამ რამინაშვილი და ბესო წერედიანი.