ქვეყანაში დაბრუნდა შევარდნაძის დროინდელი კითხვა - გვეშველება რამე?! - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ”პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საარჩევნო სიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, საჭიროა მოსახლეობა არჩევნებზე მივიდეს და ნდობა გამოუცხადოს იმ გუნდს, რომელსაც ქვეყნის აღმშენებლობის კომპეტენცია გააჩნია. ”დღეს გადავწყვიტეთ წარგვედგინა ჩვენი გუნდის განახლებული ნაწილი, ვინაიდან ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, გახლავთ განახლება და ახალი ენერგია, ახალი ცოდნა და კომპეტენცია.
”ქართული ოცნების” ოთხწლიანმა არაკომპეტენტურმა და უნიათო მმართველობამ ქვეყანა შეიყვანა კრიზისში. ათიათასობით ოჯახს დღეს უფრო უჭირს, ვიდრე უჭირდა ოთხი წლის წინ. ასიათასობით ადამიანმა დაკარგა მომავლის რწმენა და იმედი.
ქვეყანაში დაბრუნდა შევარდნაძის დროინდელი კითხვა - გვეშველება რამე?! უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებლად გვეშველება, როდესაც მივალთ არჩევნებზე და ავირჩევთ იმ გუნდს, რომელიც თავისი ცოდნით, კვალიფიკაციით და ახალი ხედვით შეცვლის დღევანდელ სიტუაციას”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.