ე.წ. კაბელების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ალასანიასა და

ე.წ. კაბელების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ალასანიასა და "თავისუფალი დემოკრატების" მიმართ პირადი შურისძიებაა

ეს იყო ირაკლი ალასანიას და "თავისუფალი დემოკრატების" მიმართ პირადი შურისძიება, - ასე აფასებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე ე.წ კაბელების საქმეზე დღეს გამოცხადებულ განაჩენს.

დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული პროცესი პოლიტიზებული იყო, სადაც ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესი იკვეთება.

“ეს იყო რაკლი ალასანიას და "თავისუფალი დემოკრატების" მიმართ პირადი შურისძიება. ცხადია, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით არის გაკეთებული. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ დაკავებულ ადამიანებს და ვიმედოვნებ, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს მკაცრად უპასუხებს," - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

კითხვაზე შეუერდება თუ არა, "ნაციონალური მოძრაობა" მხარდასაჭერ აქციებს, დეპუტატის თქმით, ეს არის სამოქალაქო სოლიდარობის გამოხატულება და არა პოლიტიკური ინტერესი.

”აქციები თუ გაიმართება, როგორც მოქალაქეები თითეული ჩვენთაგანი მივიღებთ გადაწყვეტილებას და შევუერთდებით მოთხოვნებს. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც არ უნდა შევეგუოთ," - აღნიშნავს დეპუტატი.

ე.წ კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. გამოძიება მათ სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.