“რესპუბლიკელებმა“ პარლამენტს საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი წარუდგინეს

“რესპუბლიკელებმა“ პარლამენტს საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი წარუდგინეს

ფრაქცია “რესპუბლიკელებმა“ პარლამენტს საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი წარუდგინეს. “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი განმარტავს, შეთავაზებული საარჩევნო სისტემის მიხედვით, იქნება როგორც პროპორციული საარჩევნო სია, ასევე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები, მაგრამ რამდენი მაჟორიტარული ოლქიც არ უნდა მოიგოს პარტიამ, ის არ გაზრდის იმ მანდატების რაოდენობას, რაც მას სიით ეკუთვნის.

“თუკი პარტია პარლამენტის 150-მანდატიდან 15 მანდატს მიიღებს, ის 15 მანდატს მიიღებს იმ შემთხვევაში მისი სამი მაჟორიტარი მოიგებს, 10 მაჟორიტარი თუ ვერც ერთი ვერ მოიგებს. სამი მაჟორიტარული მანდატის მოგების შემთხვევაში - 12 კაცი იქნება სიის პირველი 12 კანდიდატი და სამი იქნება მაჟორიტარი; ხუთი მაჟორიტარული მანდატის შემთხვევაში, 10 იქნება სიით და ხუთი იქნება მაჟორიტარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამომრჩევლის მიერ დადგენილი პროპორციულობა დაცული იქნება, ხოლო პარტიებში იქნება სია, რომელშიც ცვლილებებს თავად ამომრჩეველი შეიტანს. თუკი პარტიას ისეთი მაგარი კანდიდატი ჰყავს, რომლის კანდიდატი ამა თუ იმ ოლქს მოიგებს, რა თქმა უნდა, მას მანდატი გარანტირებული ექნება და სიიდან ის გამოაგდებს პარტიის მიერ რანჟირებულ ადამიანს, რომელიც სიაში მასზე წინ ეწერა. ეს ასეა გერმანიაში“, - განმარტავს დავით ბერძენიშვილი.

მისივე განცხადებით, ეს არის მოდელი, რომელიც “ქართული ოცნების“ და მასთან კოორდინირებული ჯგუფების გარდა, პარლამენტის ყველა სხვა პოლიტიკურ ჯგუფს აწყობს.

“შექმნილ ვითარებაში ჩვენ გავითვალისწინეთ არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შემოთავაზებები. ისინი ბოლოს პირდაპირ გვთავაზობდნენ საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელის განხილვას. 2011 წელს “რვიანი“ მაშინდელ ხელისუფლებას - “ნაციონალურ მოძრაობას“ ერთ-ერთ კომპრომისულ ვერსიად სწორედ გერმანულ მოდელს სთავაზობდა, რაც მაშინ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მიიღო. მაშინ “რესპუბლიკელებიც“ იქ ვიყავით, “კონსერვატორებიც“ და “ეროვნული ფორუმი“. ახლა აღნიშულ მოდელს ბევრი სუბიექტი გვთავაზობს. ჩვენ ეს იდეა დავამუშავეთ და კანონპროექტად ვაქციეთ. საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელი არის ის საუკეთესო ვერსია, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.