ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, არავითარი კავშირი არ აქვს ამას მართლმსაჯულებასთან, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენის შეფასებისას განაცხადა.
ალექსი პეტრიაშვილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსამართლოს, უსაფუძვლოსა და უკანონოს უწოდებს.
„უბრალოდ, ბრძოლა მიდის ირაკლი ალასანიას, „თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ბრძოლა. მათ აქვთ სურვილი, რომ დაამკვიდრონ თავისი ძალაუფლება, გაიმტკიცონ და გაამყარონ ავტოკრატიული რეჟიმი, მაგრამ საქართველოში დიქტატურა არ გავა. არაფერი არ გამოუვა ამ საქმიდან ვინც არ უნდა იყოს ის, იქნება ის ივანიშვილის მონა ბუგიანიშვილი თუ ვინმე სხვა, ამ ბოროტების ღერძიდან“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, 21 მაისს, 14.00 საათზე მთავარ პროკურატურასთან აქცია გაიმართება. „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის განცხადებით, ეს არის პირველი გამაფრთხილებელი აქცია, შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით კი საზოგადოება ინფორმირებული იქნება.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს დღეს სასამართლომ 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.