თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავეს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ყველა მათგანი აღნიშნული დაჯგუფების წევრია.
ადგილობრივი პრესის ცნობით, დაკავებულთა შორის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი და ასევე მებრძოლია, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებაში ჯალათის ფუნქციებს ასრულებდა.
„ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო წევრები დააკავეს პროვინცია ელაზიგში ჩატარებული ანტიტერორისტული რეიდების დროს, რა დროსაც სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით დოკუმენტები ამოიღეს.
საინფორმაციო სააგენტო „დოგანის“ ცნობით, აღნიშნული პირები სირიიდან თურქეთში, ახალი წევრების რეკრუტირების მიზნით ჩავიდნენ.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 4 თვის განმავლობაში თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 190 ადამიანი დააკავეს.