"ნატო-ს ძალები აღმოსავლეთ ევროპაში, ძალიან დაუცველია რუსეთის წინაშე"

გამოცემა The Financial Times წერს, რომ ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალები რუსეთთან ომის შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში ვერ განლაგდებიან.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა ჩრდილოატლანტიკურ ალიანში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნატო-ს იმ გენერლების განცხადებით, რომლებიც ალიანსის ლოგისტიკასა და სამხედრო დაგეგმარებას იცნობენ, სწრაფი რეაგირების ძალების 5 000 კაციანი შენაერთი და ღონისძიებების პაკეტი, რომელიც ნატო-ს სამიტზე, 2014 წელს იქნა მიღებული, ძალიან დაუცველი იქნება პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

რუსეთის გადაწყვეტილება - მნიშვნელოვნად გაზარდოს სამხედრო პოტენციალი კალინინგრადის რეგიონში და საზღვრებთან მნიშვნელოვანი სამხედრო ტექნიკის ხელმისაწვდომობა მიუთითებს, რომ ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალები რისკის ქვეშ არიან, მანამდე განადგურდნენ, სანამ საბრძოლო მოქმედებებისთვის მზად იქნებიან.

როგორც Financial Times წერს, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავის სამხედროებს აღმოსავლეთ ფლანგზე მუდმივად განათავსებს.

მოსალოდნელია, რომ ნატო-ს ვარშავის სამიტზე, მიიღებენ ზომებს, რომლებიც ალიანსის ტერიტორიული თავდაცვის უნარს გააძლიერებს და მხოლოდ პოტენციური მოწინააღმდეგეს შეკავებისკენ არ იქნება მიმართული.

ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად არის ნატო შეშფოთებული რუსეთთან ევროპაში შესაძლო სამხედრო კონფლიქტით.

მიუხედავად იმისა, რომ ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში სწრაფი რეაგირების ძალების სარგებელი შეზღუდულია, ნატო-ს ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ეს ძალები თავდაცვისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტია.

მათი მოვალეობა იქნება არ მისცენ მოწინააღმდეგეს ადგილობრივი ხელისუფლების შეცდომაში შეყვანის საშუალება, ანდა აღკვეთონ ადგილობრივ მოსახლეობაში არეულობის მოწყობის მცდელობა, რომელიც შესაძლოა შემდეგში შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს.