თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ჯერ არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში განმეორებით მიიღოს მონაწილეობა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თამაზ ურთმელიძემ განუცხადა, ჯერ დრო კიდევ არის და მას გადაწყვეტილება ამ საკითხზე არ მიუღია.
დამატებითი კომენტარისგან ურთმელიძემ თავი შეიკავა და არც კონკრეტული თარიღი დაასახელა, თუ როდის ეწურება საქალაქო სასამართლოში მოსამართლეობის უფლებამოსილების ვადა.
„თქვენ შეგიძლიათ ოფიციალურად მოითხოვოთ ეს ინფორმაცია, მე დანარჩენს ვერ გეტყვით“, - განაცხადა თამაზ ურთმელიძემ.
შეკითხვაზე, აპირებს თუ არა იგი განმეორებით კონკურსში მონაწილეობის მიღებას, ურთმელიძემ ასე უპასუხა: „ჯერ არის დრო, არ მიმიღია გადაწყვეტილება“.
თამაზ ურთმელიძე მოსამართლედ 2006 წელს განმწესდა. 2006-2009 წლებში ის მოსამართლის უფლებამოსილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში ახორციელებდა, 2009 წლიდან კი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში. 2009 წლის დეკემბრიდან ასევე დაკისრებული აქვს მარნეულის მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილება. 2010 წლის 1-ელი ნოემბრიდან მივლინებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
ურთმელიძეს 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მაისში ეწურება.