ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები განაჩენის გამოქვეყნებისთანავე სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს

ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები განაჩენის გამოქვეყნებისთანავე სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული ხუთივე პირი, რომელიც გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, მოსამართლის მიერ განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ, სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს.

უკვე მსჯავრდებულების ადვოკატის, ლევან სამუშიასთვის ჯერჯერობით უცნობია, სასჯელაღსრულების რომელ დაწესებულებაში მოხდება მათი გადაყვანა.

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს - ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუნიათიშვილმა დახურულ სხდომაზე გამოაცხადა.

სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც სარეზოლუციო ნაწილის წაკითხვისას, პირველივე ბრალდებულის - გიზო ღლონტის მიმართ განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა და ბრალდებულების ახლობლებმა მოსამართლის გადაწყვეტილება შეძახილებითა და სასამართლოს მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკებით გააპროტესტეს. აღნიშნულის შემდეგ მოსამართლემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და ბრალდებულებისა და ადვოკატების გარდა, პროცესზე დამსწრე ყველა პირს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

ე.წ. კაბელების საქმეზე 5 პირი იყო ბრალდებული: ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყველა დაკავებული 2015 წლის 19 ივნისს, თავდებით გათავისუფლდა.