საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, შესაბამის შეთანხმებას სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, განცხადება წვრთნების შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობისა და საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად, მიგვაჩნია მიზანშეწონილად ერთობლივი სამხედრო სწავლებების ჩატარება. აღნიშნული იყო ასევე, კიბერუსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა, აგერთვე ნავთობსადენებისა და გაზსადენების დაცვა. ვფიქრობ, სწორედ ამისთვის არის საჭირო ერთობლივი სამხედრო წვრთნები“, - განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აზერბაიჯანის ქალაქ გაბალას შაბათს ეწვია.