”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიის სათავეში დავით ბაქრაძე იქნება, ათეული კი ძირითადად ახალი სახეებით დაკომპლექტდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა. სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ საარჩევნო სიის ფორმირებაა.
„პოლიტსაბჭოზე, როგორც წესი, განვიხილავთ პარტიის საორგანიზაციო საკითხებს, მათ შორის სამომავლო პოლიტიკურ პლატფორმას და ასევე ვიმსჯელებთ სიასთან დაკავშირებით, ახალ სახეებთან დაკავშირებით. ეს არის სამუშაო პროცესი“, - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ახალი სახეები, პეტრე ცისკარიშვილი გვარების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც ჟურნალისტებისთვის, ეს გვარები მეტ-ნაკლებად ცნობილია. ცისკარიშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ეს ახალი სახეები თავად წარდგებიან საზოგადოების წინაშე.
„ჩვენ სიის პრეზენტაცია ამ დღეებში აუცილებლად გვექნება. ახალი სახეები თქვენს წინაშე თავად წარდგებიან და მოგახსენებენ თავიანთი კომპეტენციის შესაძლებლობების და წარსულის თაობაზე. მათ შორის იქნებიან ცნობილი სახეებიც, რომელთაც აქვთ ნათელი ხედვა ჩვენი ქვეყნისა, მომავლისა. ისინი არიან კომპეტენტურები, დასავლური ღირებულებების მატარებლები და არასდროს შეედრებიან ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.