ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის დეიმონ უილსონის აზრით, ნატო-ს ვარშავის სამიტზე არსებითი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. როგორც უილსონმა ”ამერიკის ხმის” ქართულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, შეერთებული შტატების პოზიცია უცვლელი რჩება და ის მხარს უჭერს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა ვარშავის სამიტზე არსებითი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
"გაგრძელდება ნატო-საქართველოს მყარი ურთიერთობები. ჩვენ არ გვინახავს სხვა ქვეყანა, რომელმაც ალიანსის წევრობამდე მასთან ასეთი მყარი ურთიერთობა ჩამოაყალიბა. ეს აჩვენებს თუ რამდენად სერიოზულია საქართველოს სწრაფვა ალიანსისკენ და რომ ბუქარესტში სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. პოლიტიკურად დღეს ამისთვის მზად არ ვართ”, - ამბობს უილსონი.
მან ასევე ისაუბრა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე ქართულ-ამერიკულ-ბრიტანული სამხედრო წვრთნების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის მაგალითია.
„ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური აქტორები მხარს უჭერენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ხშირად გვთხოვენ ამერიკის მეტ ჩართულობას. ორივე მხარეს არიან ისეთებიც, ვინც ამას მხარს არ უჭერენ. არსებობს ერთგვარი ბუნდოვანებაც, რადგან შეერთებულ შტატებს და ნატო-ს მოკავშირეებს საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიები ჯერ არ მიუციათ. ბევრს ურჩევნია ამ საქმეში მეტი სიცხადე იყოს. სიცხადე მასტაბილიზებელი ფაქტორია. ამ ბუნდოვანების ეტაპზე ასეთი მასტაბილიზებელი ფაქტორია ერთობლივი სამხედრო წვრთნები. ზოგიერთი ჩვენს მოქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს, ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოს პარლამენტში, იგივეს გაიგებთ ამერიკის პოლიტიკურ წრეებშიც. ეს მცდარი არგუმენტია. პროვოკაცია არ არის ის, რომ ქვეყანას საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრი უწევს. რაც მეტად შეუძლია ქვეყანას საკუთარი თავის დაცვა, თავდაცვისუნარიანობის გაზრდა და სერიოზულ აქტორად ქცევა, მით მეტად უზრუნველყოფს ის სტაბილურობას რეგიონში. ჩვენი პარტნიორობა სწორედ ამას უწყობს ხელს“, - განაცხადა უილსონმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატების და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობის მოწვევის და მხარდაჭერის გარეშე არ შედგებოდა.