საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
"ქრონიკის სტუდიის" პირდაპირ ეთერში მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თუ პაატა ზაქარეიშვილი თამაზ მეჭიაურზე მსგავსი განცხადების გაკეთებას აპირებდა, მას მინიმუმ, უნდა დაერეკა და ეთქვა ამის შესახებ.
"ზუსტად იმიტომ გავაკეთე პაატა ზაქარეიშვილთან დაკავშირებით განცხადება, რომ ელემენტარული, ადამიანური ეთიკა მოითხოვდა, რომ თუ ის ასეთი განცხადების გაკეთებას აპირებდა, მას მინიმუმ ჩემთან უნდა დაერეკა და ეთქვა - გიორგი, მე ამას ვაპირებ, ეს ძალიან არ მომეწონა და გამორიცხულია არ გავაკეთო, რადგან ეს ჩემს რეპუტაციაზე იმოქმედებს. ასეთი რაღაც შესაძლო იყო. მე შეიძლება მეთქვა, რომ გააკეთე ან არ გააკეთე. სხვათა შორის, მე პაატა ძალიან მიყვარს, ძალიან კარგი ადამიანია და მისი იდეები საჭირო და გამოსადეგია. ამიტომ დამწყდა გული, რომ მან ასეთი განცხადება გააკეთა",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით თამაზ მეჭიაურის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "მისთვის მეჭიაური, ცალკე როგორც ადამიანი, არაფერია".
"მეჭიაურის შეფასება არის ყოვლად მიუღებელი, შარშან ამ დროს ჩატარდა ამავე ტიპის წვრთნა და მაშინ რატომღაც ხმა არ მოუღია ბატონ მეჭიაურს. მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ამას ჩემთვის – ბატონი მეჭიაური, ცალკე როგორც ადამიანი, არაფერი არ არის. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, "ქართული ოცნება" ამას როგორ უყურებს. "ქართული ოცნების" დუმილი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ბატონი მეჭიაურის ესა თუ ის განცხადება,” – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია "ქართული ოცნების" წევრ თამაზ მეჭიაურის განცხადებით, რუსეთის საგარეო უწყების განცხადების ფონზე, ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების საქართველოში ჩატარება საშიშია.