"რესპუბლიკელი" მინისტრების შემცვლელებზე ნაფიქრი მაქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები აუცილებლად მოხდება.

გიორგი კვირიკაშვილმა გადაცემა "ქრონიკის სტუდიაში" განაცხადა, რომ ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, ვინ იქნება მთავრობიდან საარჩევნო სიაში. ამასთან, ის ფიქრობს, რომ არ არის აუცილებელი, მინისტრები იყვნენ საარჩევნო სიაში.

"წინასაარჩევნოდ, კაბინეტში, ცვლილებები გამორიცხული არ არის. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური სარეფორმო გეგმა და აქედან გამომდინარე, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები იყოს. როდის მოხდება ეს, ამაზე პროგნოზირებას და მკითხაობას არ დავიწყებ. დაველოდოთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მისთვის ზუსტად უცნობია, წავლენ თუ არა "რესპუბლიკელი" მინისტრები.