მეჭიაური სავარაუდოდ, თვითონაც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ იქნება ამ გუნდში

მეჭიაური სავარაუდოდ, თვითონაც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ იქნება ამ გუნდში

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დეპუტატი თამაზ მეჭიაური, სავარაუდოდ, თავად მიიღებს "ქართული ოცნებიდან" წასვლის გადაწყვეტილებას.

კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს მოსაწვევი გაეგზავნა, თუმცა რატომ არ დაესწრო ყრილობას მეჭიაური, პრემიერისთვის უცნობია.

"თამაზ მეჭიაურს გავუგზავნეთ ჩვენ მოსაწვევი. მე სპეციალურად გავაკონტროლე, იყო თუ არა გაგზავნილი. მე ვერ გეტყვით რატომ არ დაესწრო ყრილობას. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ გვექნება აქტიური განხილვები ამ საკითხის და ეს იქნება გუნდური გადაწყვეტილებები. ეს არის გუნდის კონსოლიდაციის საკითხი, იქ არ უნდა არსებობდეს სტრატეგიულ საკითხებზე აზრთასხვადასხვაობა. რამდენადაც ცნობილია, ბატონი თამაზი არ მალავს, რომ მას აქვს განსხვავებული მოსაზრება საქართველოს საგარეო კურსთან მიმართებაში. ამიტომ, სავარაუდოდ, ის თვითონაც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ იქნება ამ გუნდში", - განაცხადა პრემიერმა "ქრონიკის სტუდიის" პირდაპირ ეთერში.

კითხვაზე, გაირიცხება თუ არა დეპუტატი გუნდიდან? პრემიერი აცხადებს, რომ თამაზ მეჭიაური "ქართული ოცნების" მაშინ ედგა გვერდით, როდესაც ბევრს ეშინოდა პარტიაში შესვლის.

"ეს არის დელიკატური საკითხი. მე არ ვარ ის ადამიანი და არ ვიტყვი, რომ მივიღებ გადაწყვეტილებას და ბატონი თამაზი გუნდში აღარ იქნება. მძიმე გადაწყვეტილებები მიმიღია, ამის ნაკლებობა არ მაქვს, მაგრამ მეორეა, როგორი ხარ ადამიანებთან მიმართებაში, ყველა ადამიანთან ღირსეულად უნდა მოვიქცეთ. ბატონ თამაზმა როდესაც ბევრს ეშინოდა "ქართული ოცნების“ გუნდთან ყოფნა, თამამი ნაბიჯები გადადგა, ამიტომ, ჩემი მხრიდან არაეთიკური იქნებოდა. ბატონ თამაზთან ერთად ჩვენ შევთანხმდებით და ვფიქრობ, რომ მე მისი საგარეო პრიორიტეტები მნიშვნელოვნად არის აცდენილი ჩვენი გუნდის საგარეო პრიორიტეტებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.