მე მაქვს საკმაოდ რთული ამოცანა, რომ შევუთავსო ერთმანეთს პრემიერ-მინისტრობა და პარტიის თავმჯდომარეობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, ის უფრო პრემიერია, თუ უფრო პარტიის თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მან ორივე ფუნქცია შეითავსა.
”ვფიქრობ, რომ ეს გაცილებით მეტ შესაძლებლობას მომცემს, რომ ერთად ბევრი კარგი საქმე გავაკეთოთ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მას აქვს საკმაოდ რთული ამოცანა, რომ შევუთავსოს ერთმანეთს პრემიერ-მინისტრობა და პარტიის თავმჯდომარეობა.
”ჩემი სამუშაო დროის დღესდღეობით 80%-ზე მეტი პრემიერ-მინისტრობას ეთმობა და ეს მე მგონი, ბუნებრივია, იმდენად გადატვირთულია პრემიერ-მინისტრის გრაფიკი. დღევანდელ დღეს ეს არავის უნდა უკვირდეს. მაგრამ წინასაარჩევნი პერიოდში ეს პროპორცია შეიცვლება. უფრო მეტად გადავერთვები წინასაარჩევნო აქტივობებზე და გარკვეულად დავაბალანსებ ამ დროს”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
კითხვაზე, ვინ გააკეთებს მის საქმეს და იქნება თუ არა ეს ვიცე- პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ დიმიტრი ქუმსიშვილს ბევრი საკითხი აქვს დელეგირებული.
”ის დღეს საკმაოდ წარმატებით უძღვება ეკონომიკური პროფილის სამინისტროების ბლოკს და მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით სანერვიულო არ მექნება”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.