დღეს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღე აღინიშნება

დღეს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღე აღინიშნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისს წერეთელზე, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში გადაიხდის. 
განსაკუთრებული ზეიმით ეს დღე დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღინიშნება, რადგან თამარ მეფემ ჯვარი სწორედ ამ ეკლესიაში დაიწერა. 
ქართულ სახელმწიფოს თამარ მეფე XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მართავდა. მისი მეფობის წლებში საქართველო იმჟამინდელ მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ სახელმწიფოს წარმოადგენდა. თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია. ზოგიერთი ისტორიული წყარო თამარ მეფის საძვალედ გელათს ასახელებს, ზოგიც - იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.