მანანა კობახიძე - ყრილობაზე სიის პრეზენტაცია არ მოხდება

მანანა კობახიძე - ყრილობაზე სიის პრეზენტაცია არ მოხდება

პარლამენტის ვიცე სპიკერის მანანა კობახიძის ინფორმაციით, დღეს, პარტია ,,ქართული ოცნების“ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა იქნება არჩეული და არავითარი სიის პრეზენტაცია არ მოხდება. 

”ყრილობა აირჩევს პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად იქნებიან ახალი წევრები, თუმცა პარტიაში მემკვიდრეობა უნდა იყოს დაცული. რა თქმა უნდა, შენარჩუნდება პოლიტსაბჭოში ძველი წევრებიც. როგორი იქნება პოლიტსაბჭო, საზოგადოება ამას უკვე ყრილობაზე ნახავს.

პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე მუშაობდა პარტიის პოლიტსაბჭო და პარტიის ლიდერი, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ თავმჯდომარედ. ხაზი უნდა გავუსვა, რომ ყრილობაზე არავითარი სიის პრეზენტაცია არ მოხდება, არავითარი კანდიდატების დასახელებაც. ეს იქნება საარჩევნო კამპანიის ნაწილი. რაც შეეხება ყოფილ პრემიერს, ის პოლიტსაბჭოს ფორმირებაში ჩართული არ იყო“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ყრილობაზე სტუმრის სტატუსით მიწვეულია თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, კობახიძის განმარტებით, ეს პარტიის გადასაწყვეტია და შესაძლებელია პრეზიდენტი ყრილობაზე მიწვეული არ იყოს.

,,ეს პარტიის გადასაწყვეტია. შეასაძლებელია არც იყოს პრეზიდენტი ყრილობაზე მიწვეული. რა აუცილებელია ეს?! მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის აუცილებელი. ეს არც პრეზიდენტს დააკლებს რამეს და არც ჩვენ მოგვიმატებს”, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

დღეს პარტია ,,ქართული ოცნებას“ ყრილობა გაიმართება.