კანადა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიურ მხარდაჭერას გააგრძელებს

კანადა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიურ მხარდაჭერას გააგრძელებს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის კანადაში ვიზიტის ფარგლებში, პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.

ასევე, გაიცვალა ინფორმაცია რეგიონული უსაფრთხოებისა და გლობალური საკითხების თაობაზე. კანადურ მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ. აღინიშნა, რომ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს ინტეგრაციის პროცესში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიტიკური კონსულტაციების დროს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ნატო-ს ვარშავის სამიტისათვის მზადების პროცესს. ცალსახად აღინიშნა სამიტის კონტექსტში ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის სათანადოდ ასახვის მნიშვნელობა. ხაზი გაესვა, რომ კანადური მხარე კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ქმედით მხარდაჭერას.

შეხვედრისას კანადურმა მხარემ ხაზი საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში გაუსვა.

ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით მხარეებმა იმსჯელეს პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ხაზი გაესვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას, რაც დამატებითი სტიმული გახდება ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების თვალსაზრისით.

ამასთან, სეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ქვეყანაში კანადური ინვესტიციების მოზიდვისათვის. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივი სამართლებრივი ბაზის, ასევე სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს დელეგაციების გაცვლის მნიშვნელობას და ორი ქვეყნის შესაბამის სააგენტოებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას. გამოითქვა დაინტერესება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში კანადური კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებით. დავით ზალკალიანმა კანადურ მხარეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო.

კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების აქტიური განხილვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში.

კანადურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.