ალასანია - ხიდაშელს პასუხს არ გავცემ, იმდენად რთულ ვითარებაში არიან დღეს

ალასანია - ხიდაშელს პასუხს არ გავცემ, იმდენად რთულ ვითარებაში არიან დღეს "რესპუბლიკელები"

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრ, თინათინ ხიდაშელის განცხადებაზე პასუხის გაცემას არ აპირებს.

მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის პროექტთან დაკავშირებით, ამჟამინდელ მინისტრთან კვლავ აქვს პრეტენზიები.

"ხიდაშელს არანაირ პასუხს არ გავცემ, იმდენად რთულ ვითარებაში არიან დღეს "რესპუბლიკელები". კოალიციაში იმდენად დაძაბული და რთული ვითარებაა, არ მინდა რაიმე დავამატო ამას. ერთს ვიტყვი - პრაქტიკულად, საჰაერო თავდაცვის პროექტი, რომელიც მოზმადებული და ხელმოწერილი იყო, მხოლოდ მიყოლა და შესრულება უნდა იმ ვადებს, რაც დაწესებული იყო", - განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, სამწუხაროდ, პოლიტიკური ჩარჩოები დაწესდა პროექტზე.

შეგახსენებთ, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ირაკლი ალასანია რუსული პროპაგანდის ციკლში ჩაეწერა, რომელსაც მინისტრის წინააღმდეგ ცეცხლი აქვს გახსნილი.

მოქმედი თავდაცვის მინისტრი ყოფილი კოლეგისგან საჯაროდ მოითხოვს, კონკრეტულად წარმოადგინოს პრეტენზიების ნუსხა, თუ სად იყო შესაძლებელი ქვეყნის უკეთესად დაცვა და ეს თინა ხიდაშელმა არ გააკეთა.

მანამდე, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოს საჰაერო თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით, თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრს გარკვეული ჩარჩოები დაუწესეს.