გიორგი პაპუაშვილი:   რა აზრი აქვს ვეტოს, თუკი დაიძლევა

გიორგი პაპუაშვილი: რა აზრი აქვს ვეტოს, თუკი დაიძლევა

”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანოპროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში მეორე მოსმენით იხილება, პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის კომუნიკაცია შედგა.

ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საკონსტიტუიო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა თავად განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტი აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით მათი პოზიციის და ვენეციის კომისიის ჩართულობით დაინტერესდა.

„რამდენიმე კვირის წინ იყო კომუნიკაცია პრეზიდენტთან, აინტერესებდა ზოგადად აზრი, როგორ ვუყურებდით ჩვენ ამ ცვლილებებს. ასევე აინტერესებდა ვენეციის კომისიის ჩართულობა ცვლილებების შეფასების საკითხთან დაკავშირებით. მე რა თქმა უნდა, განვუცხადე, რომ სასურველია ვენეციის კომისიის ჩართულობა. ამ თემებზე გვქონდა სატელეფონო საუბარი მე და პრეზიდენტს“, - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმდჯომარემ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ჯერ კიდევ უცნობია, რა წერია კანონპროექტში, რომელიც პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილება.

პაპუაშვილის განმარტებით, ზოგადი ინფორმაცია, თუ რა ცვლილებებზეა საუბარი, არასამთავრობო ორანიზაციებისგან იცის. რაც შეეხება მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნას, პაპუაშვილი ამას არასერიოზულად მიიჩნევს.

„მესამე მოსმენისთვის კანონპროექტში შეიძლება რედაქციული ცვლილებები შევიდეს და, როგორც წესი, ვენეციის კომისია რედაქციულ შენიშვნებს ნაკლებად წერს, მითუმეტეს, როცა პროექტი თარგმილია. ამიტომ მიღების შემდეგ თუ გაგზავნეს, ეს იქნება რაღაც ზრდილობის გამო გაკეთებული, მოვალეობის მოხდის მიზნით, რათა ითქვას, „გიგზავნით და ისე არ ვიღებთ“. ეს არასერიოზულად შეიძლება აღიქვას საერთაშორისო თანამეგობრობამ და ამიტომ არ მგონია ჩვენი სახელოვანი კანონმდებლები ამაზე წავიდნენ“, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” გიორგი პაპუაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, ხედავს თუ არა გამოსავალს იმაში, რომ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადოს, პაპუაშვილმა აღნიშნა: რა აზრი აქვს ვეტოს, თუკი ის დაიძლევა.

”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით ამ წუთებში განიხილავს. დღეს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა, დავით უსუფაშვილმა ივარაუდა, რომ აღნიშნულ პროექტზე, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია პრეზიდენტის ვეტო.