პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეს

პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეს

დეპუტატ პავლე კუბლაშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების პროცესში პრეზიდენტის მონაწილეობა არაკონსტიტუციურია.

კუბლაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” მოქმედი კანონის იმ ნორმის არაკონსტიტუციურობაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეთანხმებული წინადადებით ხდება.

”მგონია, რომ ამ ნორმის მუშაობა რთული იქნება, მაგრამ საუბარია არა სირთულე-სიმარტივეზე, არამედ საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციის ახალი მოდელით, რომელიც ძალაში 2013 წლიდან შევიდა, არ შეიძლება პრეზიდენტს ჰქონდეს სხვა კომპეტენცია, გარდა იმ კომპეტენციისა, რომელიც კონსტიტუციის შესაბამის მუხლშია ჩამოწერილი. არ შეიძლება კანონით პრეზიდენტს რაიმე დამატებითი კომპეტენცია დაეკისროს. ამიტომ ამ ნორმის არსებობა თავისთავად ანტიკონსტიტუციურია და ვთვლი, რომ თავისი შინაარსით ის პრობლემას ქმნის”, - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პავლე კუბლაშვილის პოზიციას სესიაზე ”ნაციონალური მოძრაობიდან” გამოეხმაურნენ. დეპუტატ ჩიორა თაქთქიშვილის აზრით, ახალი პოლიტიკური ცენტი ”გირჩი” ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიჯირყვნაში ეხმარება.

”ჩვენ გავიგეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტის ინსტიტუტის და პრეზიდენტ მარგველაშვილის მიჯირყვნა უნდა, მაგრამ არ მესმის, ბატონ პალიკოს რატომ უნდა ასეთი დიდი მონდომებით ამ პროცესში ჩართვა. მისი ინიციატივა სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ ხელისუფლების სამი შტოდან ის შტო, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ყველაზე ნაკლებად აკონტროლებს, საკონტიტიციო სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის და კონსულტაციის პროცესს გამოეთიშოს. ახლა გაახსენდა ბატონ პავლეს, რომ თურმე ეს კონსტიტუციას ეწინააღმდგება?!”, - განაცხადა თაქთაქიშვილმა სესიაზე.